ტყის ფართობების ვინმესთვის გადაცემა არ შეესაბამება სიმართლეს - ნინო წილოსანი

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, პარლამენტი ხვალ ტყის კოდექსს მესამე მოსმენით აღარ განიხილავს.

წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყონებლივ მიღება. წილოსანის თქმით, კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. ასევე ამ კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30-მდე მილიონი ევრო. 

რაც შეეხება მორიგ არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას – მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები”, – წერს დეპუტატი.


გავრცელებული ინფორმაციით, 16 აპრილს პარლამენტს უნდა განეხილა კანონპროექტი „ტყის კოდექსის“ პროექტის შესახებ, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. პროექტში მე-15 მუხლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საქართველოს ტყეების გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.

ორგანიზაცია TDI აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება  სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა.

„კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ ნაბიჯით, სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი“, – აცხადებს TDI

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.

„ტყის კოდექსის” განხილვასთან დაკავშირებით განცხადება EMC-იმაც გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს ინიცირებულ კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მისი არაკონსტიტუციური შინაარსის გამო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონის ძალაში შესვლის პირობებში EMC შეეცდება გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსი და იდავოს აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile