უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, “- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.