გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების დარეგულირებას და ასეთ შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან ბერკეტებს მოითხოვს.
„ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე. „მაუწყებლობის შესახებ“ ზემოაღნიშნული კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს რეაგირების სხვადასხვა ზომას, რომლებიც არსებული პრაქტიკის გათვალისწიებით, არ არის ეფექტიანი.
ალტერნატიული გზა არის სასამართლო, მაგრამ მასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა მოტივაციას და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს. უშუალოდ მაუწყებელთან კომუნიკაციაც არ არის ეფექტური, რადგან არსებული კანონით გათვალისწინებული ქმედებები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება-გავრცელების პროცესის სამართლიანობას.
ზემოაღნიშნულისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გათვალისწინებით, გთხოვთ შეიმუშაოთ, განიხილოთ და მიიღოთ საქართველოს ორგანულ კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწალებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წაახალისებს მაუწყებლობის სფეროს წარმომადგენლებს, საფუძვლიანად გადაამოწმონ ფაქტები და მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გამოიტანონ საჯარო განხილვის არეალზე.
ვიტოვებთ თქვენი მხარდაჭერის იმედს და გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შემდგომი დამუშავებისა და განხორციელების პროცესში”, – წერია პარლამენტში წარდგენილ წინადადებაში.