ხომ არ არის დრო, კანონში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება? - მიტროპოლიტი შიო

პუბლიკა

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ქადაგებისას გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონმდებლობაში ცნება „ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ აისახოს.

„ეკლესია ვერასდროს შეეგუება ცოდვის ნორმად გამოცხადებას და დაკანონებას. ამიტომ ეს რომ ავირიდოთ თავიდან ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ ხომ არ არის დრო, რომ საზოგადოებამ, ხელისუფლებამ ერთად ხომ არ დავიწყოთ ფიქრი, რომ ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის ფაქტებს „გადაცდომა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ძალადობა დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებმა „გამოიწვიეს“.

„რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ეკლესიასთან ერთად. რადგან ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება, ეს არის  მოწოდება, ჩვენი ლოცვა-კურთხევა ღვთისაგან. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო შემთხვევები, იყო არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ამ ძალადობას, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ხალხი გამოიწვიეს. ერის გამოწვევა ხდება. ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური და იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.