უფლის წყალობით, მე ვუძლებ; ტურაშვილი კი საავადმყოფოში მოხვდა - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილის ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ „პატივის და ღირსების შელახვის დათმენა იოლი გასაძლები არაა“. ჯაღმაიძე წერს, რომ თვთონ უძლებს, მაგრამ დათო ტურაშვილი კლინიკაში მოხვდა.

„ერთგვარი დალოცვის ფორმა შეიძინა სიტყვებმა, – „გაძლება მოგცეს ღმერთმა!“ ახლობლები, ნაცნობები, უცხო ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად მეუბნებიან.

არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა! მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს!

ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემს მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას.

ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?“, – წერს დეკანოზი ჯაღმაიძე.


მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ მწერლის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კლინიკაში რჩება.