უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, რომ „გადატრიალების" საქმეზე სუს-ში დაიბარეს

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი ქართველები აცხადებენ, რომ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელეს ნადიმ ხმალაძემ და ვაჟა ცეცაძემ. „მთავარი არხის” ინფორმაციით, უწყებაში დაბარებულია უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ლაშა ჭიღლაძე.

ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ სუს-ში მისვლაზე უარი თქვა და მოითხოვა მაგისტრ მოსამართლის წინაშე გამოკითხვა. ის ამ საქმეს უკრაინაში ბრძოლას და ამ „ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობას” უკავშირებს.

„ტერორიზმის ხელშეწყობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა – ამასთან დაკავშირებით გიბარებთო. მე ვუთხარი, რომ არ გამოვცხადდები და შემიძლია, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მოვიდე დაკითხვაზე. კი, ბატონოო, მითხრეს, ველოდები, რაღაც ოქმზე უნდა მოვაწერო ხელი. რასაც ვუკავშირებ, ყველამ კარგად იცის – ტერორისტული ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთი და მეორე, ჩემს აქტიურობას ამ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ”, – აცხადებს ნადიმ ხმალაძე.

სუს-ში დაბარებას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს ვაჟა ცეცაძეც. მისი თქმით, უთხრეს, რომ იბრარებდნენ შეთქმულების და გადატრიალების საქმეზე, თუმცა დამატებითი დეტალები არ განუმარტეს, რადგან განუცხადეს, რომ „საქმეს გრიფი ადევს”.

„სუს-დან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გამოკითხვაზე ვიყავი – რომ ვკითხე, რასთან დაკავშირებით, მითხრეს, რომ შეთქმულება, რაღაც სახელმწიფო გადატრიალება, არ ვიცი. მეტს ვერაფერს გეტყვითო, რადგან საქმეს გრიფი ადევს. მე ამას ვაბრალებ ჩემს პოლიტიკური აქტივობას”, – აცხადებს ცეცაძე.

„მთავარი არხის” ცნობით, გამოკითხვაზე დაიბარეს ომის ვეტერანი, ბესო ბენდელიანიც. ის ამბობს, რომ უწყებაში არ მივა მანამ, სანამ არ გაირკვევა, „რა სახით” არის დაბარებული.

„არ ვაპირებ სუს-ში მისვლას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული, რა სახით ვარ დაბადებული. შეთქმულება, გადატრიალება, ეს არის ამხანაგ ივანიშვილის მიერ ინსპირირებული შეგნებულად, რომ მოხდეს მოქალაქეებს დაშინება, განეიტრალება. რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მიაღწევენ”, – თქვა ბენდელიანმა.

ამასთან, დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული კონსტანტინე ჯღამაია – მისი ადვოკატის ცნობით, ის იბრძოდა უკრაინაში და სუს-ში მის დაბარებასაც ამას უკავშირებენ.

„სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლია, შეთქმულება და ამბოხება. როცა დაიბარეს ბატონი კონსტანტინე, ერთ მუხლზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში, რა ინფორმაციაც გაავრცელა სუს-მა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია შიგნით. მის დაბარებას ვუკავშირებ, მის ცხოვრების სტილს და იმას, რომ იბრძოდა უკრაინაში, იბრძოდა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა ადვოკატმა.

ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. „პუბლიკა” უწყებაში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.