უკრაინის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ერ-რიადში 24 მარტს გაიმართება

პუბლიკა

უკრაინის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 24 მარტს გაიმართება.

რუსეთის დელეგაციას გრეგორი კარასინი და FSB-ის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიაწოდა.

“ჩვენ ბატონ ულცთან შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჩატარდება ორმხრივ ფორმატში. მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტების მიერ დანიშნული ექსპერტები. ისინი ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც კარგად ერკვევიან საერთაშორისო საკითხებში“. – თქვა იური უშაკოვმა.

აშშ-ის მხარეს დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

გუშინ, 19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

გუშინვე დონალდ ტრამპს ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან საუბარი „პოზიტიურად” შეაფასა და თქვა, რომ საუბარი იყო „შინაარსობრივი და გულწრფელი”.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელსაც რუსეთმა არ უნდა დაარტყას – ეს ეხება როგორც ენერგოსექტორის, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ ობიექტებზე იერიშებს შეწყვეტს, უკრაინა აღარ განახორციელებს საპასუხო დარტყმებს რუსეთის ენერგოსექტორზე.