უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება გავუყვეთ არა დაჩქარებულ, არამედ სტანდარტულ პროცესს - ჩხიკვაძე

ქეთი გოგუაძე

ვანო ჩხიკვაძე, „ფონდი ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი „პუბლიკასთან“ ინტერვიუში განმარტავს, რა პროცედურები უნდა გაიაროს ქვეყანამ EU-ში განაცხადის გაკეთების შემდეგ, ასევე გვიზიარებს თავის სუბიექტურ პოზიციას, რა გზა ელის საქართველოს.

სტანდარტული პროცედურა

„სტანდარტული პროცესი ასეთია – ახლა ვგზავნით განაცხადს გაწევრების შესახებ, რომელიც გადაეგზავნება ევროკომისიას. ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასება, რამდენად არის მზად საქართველო, გახდეს კანდიდატი ქვეყანა.

იმ შემთხვევაში, თუ დადებითი იქნება ეს შეფასება, ამის შემდეგ წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება გაწევრების მოლაპარაკებები, რომელიც სტანდარტულად, როგორც წესი,  გრძელდება რამდენიმე წელი და მოიცავს ყველა სფეროს, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ: ენერგეტიკა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ., არის 35 თავი, რომელზეც უნდა მოხდეს მოლაპარაკება. იხსნება მოლაპარაკების თავი, მერე იხურება და სანამ ყველას არ დახურავენ, მანამდე პირობითადაა დახურული დანარჩენი თავები.

ამ თავების დახურვის შემდეგ საქმეში ისევ ევროკომისია ერთვება, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, მზად არის თუ არა ქვეყანა წევრობის სტატუსისთვის. თუკი ეს რეკომენდაცია იქნება დადებითი და ევროკომისია იტყვის, რომ მზად არის, ამის მერე ისევ წევრი ქვეყნები შეიკრიბებიან და იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას გაწევრების შესახებ.

სტანდარტულად არც 1-2 კვირა, 1 თვე, არც ორი წელი და არც ხუთი წელი არ სჭირდება ხოლმე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სჭირდება მეტი“, – განმარტავს ვანო ჩხიკვაძე.

დაჩქარებული პროცედურა

„რაც შეეხება დაჩქარებულ პროცედურას, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია ევროკავშირის შიგნითაც არ არის, რას ნიშნავს ეს. ასეთი რამე არასდროს გამოუყენებია ევროკავშირს არც ერთი ქვეყნის მიმართ, ხდება პირველად მისი გამოყენება უკრაინასთან მიმართებით და ზუსტად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს ამას-მეთქი, ამის თქმა გამიჭირდება.“

რა შეფასებას უნდა ელოდოს საქართველო ევროკომისიისგან პირველ ეტაპზე

„საქართველოსთან მიმართებით, შესაძლებელია იყოს ასეთი დასკვნა, რომ მან მოსთხოვოს კანდიდატის სტატუსამდე რაღაცა რეფორმების გატარება საქართველოს. პრინციპში, შესაძლებელია, ეს პროცესი ცოტათი ჰგავდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, როცა გვქონდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი იყო რიგი რეფორმები, რომელიც უნდა გაგვეტარებინა. ასე რომ, კომისიის დასკვნა შეიძლება იყოს ასეთი – იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, უნდა გაატაროს სხვადასხვა რეფორმა და მას მერე, რაც შეაფასებს კომისია ამ საკითხს და გასცემს დადებით დასკვნას, მერე შეიძლება გაუწიოს რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე“.

რომელი პროცედურით – სტანდარტულით თუ დაჩქარებული წესით შეძლებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას?

„ძნელი სათქმელია. არის ორი ვარიანტი, ჩემი სუბიექტური აზრით: ერთი, რომ უკრაინა გაჰყვეს სწრაფ ხაზს და ამ ხაზზე დადგეს იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვისთვის იყოს სტანდარტული პროცედურა.

როგორც გითხარით, განაცხადის შემდეგი ნაბიჯი არის მისიების ჩასვლა ქვეყანაში და შეფასება, რა ხდება სხვადასხვა მიმართულებით. თქვენც კარგად ხვდებით, რომ კიევში ევროკავშირის მისიის ჩასვლა ნონსენსია. აქედან გამომდინარე, შეიძლება, მას მიეცეს კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და არა შეფასება ქვეყნის, ხოლო ჩვენ გავუყვეთ სტანდარტულ გზას, რასაც მიუყვებოდნენ სხვა ქვეყნები, როდესაც გახდნენ ევროკავშირის წევრები.

თუ მოლოდინია, რომ მაინც სტანდარტულ გზას უნდა გავყვეთ, რა ფაქტორების გათვალისწინებით გახდა მიზანშეწონილი 2024 წლის ნაცვლად განაცხადის ახლა გაკეთება? 

„არანაირი ლოგიკა, რომ 2024 წელს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ განაცხადი და არა დღეს, არ არსებობს, იმიტომ რომ ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო 2024-ში, შიდა მოხმარებისთვის. არჩევნების წელია და „ოცნებას“ თავისი ყულაბისთვის შეემატებინა ქულები ამით.

რაც შეეხება რატომ ახლა – ახლა იმიტომ უნდა გავაკეთოთ ეს და ვაკეთებთ პრინციპში –  ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ათწლეულებში ერთხელ შეიძლება გაიხსნას და არის გახსნილი ძალიან ცოტახნით. შეიძლება, მალე დაიხუროს და ჩვენ დავრჩეთ მიღმა. უკრაინის მატარებელი წასულია, მოლდოვა აპირებს, გააკეთოს განაცხადი და ჩვენ შეიძლება დავრჩენილიყავით ბაქანზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი. ნეტავ კიდევ უფრო ადრე გაგვეკეთებინა წლების წინ და ამ გზაზე ადრე დაგვეწყო სიარული“.

პროცესისთვის რამდენად დამაზიანებელია ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებული განცხადებები

„რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა არ არის სასიამოვნო მოსასმენი არც აქ და არც ბრიუსელში და ევროკავშირის ქვეყნების არც ერთ დედაქალაქში, მაგრამ უფრო მეტად არ არის მისაღები მათთვის ის საქმე, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ პრაქტიკულად ანულირებას.

ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა გააკეთოს პრემიერმა, დღეს როდესაც განაცხადი გაკეთდება, თქვას, რომ „ოცნება“ დაუბრუნდება მიშელის დოკუმენტს და ბოლომდე მიიყვანოს ის. ეს სურვილია ჩემი, არანაირი ოპტიმიზმი არ მაქვს, მის ადგილას რომ ვიყო, ასე გავაკეთებდი”.


საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას დღეს აპირებს.

NGO-ის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს რეგრესი აქვს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. მათი თქმით, ხელისუფლებამ ამ რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს. NGO-ები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნაც ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის განხილვას დაიწყებენ.