ამერიკის საელჩო საქართველოში მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – აშშ-მა, რუსეთმა და საფრანგეთმა გააკეთეს. „პუბლიკა” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.
მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე – „კონტაქტის ხაზის“ გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ – და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს“, – წერია განცხადებაში.
გუშინ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა კონფლიქტის მონაწილეებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. როგორც „როიტერსი“ წერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება და საჭიროა მოლაპარაკება.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარეს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი – საჭიროა ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ყველა მოქმედებას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სააგენტო „ფრანს პრესი“ კი წერს, რომ სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, თურქეთისგან ყარაბაღის კონფლქიტის „განმუხტვას“ მოელის.
თუმცა, „როიტერსის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავასოღლუმ სტოლტენბერგთან შეხვედრისას, კონფლიქტის გადასაჭრელად ყარაბაღის რეგიონიდან სომეხი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. ჩავასოღლუს თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აზერბაიჯანს უნდა დაუჭიროს მხარი.
„აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე იბრძვის. ის ცდილობს ოკუპანტებისა და ტერორისტებისგან მიტაცებული მიწა დაიბრუნოს. სამართლებრივად თუ მორალურად, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანის პოზიციას“, – განაცხადა ჩავასოღლუმ.
წუხელ გავრცელდა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც. განცხადების მიხედვით, გასული დღეების განმავლობაში გაჟღერდა ბრალდებები, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში კანადური წარმოების ტექნოლოგიები გამოიყენეს. ამ ინფორმაციის საფუძველზე კანადამ გამოძიება დაიწყო და თურქეთში შეაჩერა „შესაბამისი სახის“ ექსპორტი.
კანადის საგრეო უწყებამ დაგმო სამხედრო მოქმედებები, მოუწოდა მხარეებს დაუყონებლივ შეყწვიტონ ცეცხლი, და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.
ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. რომელმაც სატელეფონო საუბარი გამართა დაპირისპირებული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიამრთა აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაც. რომლის დროსაც ლავროვმა მშვიდობიანი მსხვერპლის ზრდის შესახებ გამოთქვა შეშფოთება.
კრემლის განცხადებით, გუშინ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერს შორის.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-10 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.
აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად მთელი ფრონტის ხაზზე უპირატესობა აზერბაიჯანს აქვს. „სომხეთის ჯარს კატასტროფისგან ერთადერთი რამ იხსნის – დატოვოს ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, შაბათ-კვირას მათ უკან დაახევინეს მოწინააღმდეგეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს.
მათ შორისაა ჯაბრაილის დასახლება, რომელშიც ყარაბაღის პირველ კონფლიქტამდე რამდენიმე ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, დღესდღეობით კი მიტოვებულია. ჯაბრაილი, რამდენიმე სოფელთან ერთად, აზერბაიჯანელებმა ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გარღვევის შემდეგ აიღეს. დასახლება რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
აზერბაიჯანელებმა ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ შედარებით მცირე ტერიტორიები დაიკავეს აღმოსავლეთის მიმართულებიდან, სადაც ქალაქ ფიზულს მიუახლოვდნენ.
აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ჩრდილოეთის ფრონტზეც. ბაქო ამტკიცებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით ფრონტის ხაზთან მდებარე თალიში და რეგიონის შედარებით სიღრმეში მდებარე მადაგიზის დასახლება აიღეს.
ერევანსა და ხანქენდში/სტეფანაკერტში არ ადასტურებენ აზერბაიჯანელთა წინსვლას, თუმცა, არც იმის დამადასტურებელი მასალები ჩანს, რომ ამ დასახლებებს ისევ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აკონტროლებს. სანაცვლოდ კი აზერბაიჯანელებმა გაავრცელეს რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მათ მიერ აღებულ დასახლებებში სომხურ დროშებს აზერბაიჯანულით ანაცვლებენ.