უნდა დადგინდეს როგორ მოხდა მოძალადოებრივი ჯგუფის ორგანიზება - „თემიდა“ ტრანსგენდერ ქალებზე

პუბლიკა

„ქვიარ ასოციაცია – თემიდა” გამოთქვამს შეშფოთებას ტრანსგენდერი ქალების მიმართ სავარაუდოდ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამო.

„29 მაისს, იტალიურ ეზოში ოცამდე დაუდგენელი პირი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს. ნაქირავებ ბინებში მძიმე პირობებში მცხოვრებ ქალებს აქვთ დაზიანებები, მიიღეს მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, დაუზიანდათ ქონება. მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს ჯეროვნად გამოიძიონ მომხდარი სიძულვილის დანაშაული და დაისაჯონ მოძალადეები.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გამოძიება მიდის მუქარის ეპიზოდზე, თუმცა არსებითია შსს-მ კარგად შეისწავლოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, გამოარკვიოს სავარაუდოდ კაცების მიერ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულში ხომ არ იკვეთება გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანი. ასევე უნდა დადგინდეს თუ როგორ მოხდა მოძალადოებრივი ჯგუფის ორგანიზება“,- ნათქვამია განცახდებაში.

ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ.

შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი „ფორმულას“ უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.