ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ გვიან ღამით 30-მდე კაცი თავს დაესხათ

პუბლიკა

ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში მათ, დაახლოებით, 30 კაცი დაესხა თავს.

შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი „ფორმულას“ უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექსმომსახურება მოსთხოვა, უარმა კი გააღიზიანა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

„ღამის ორი საათი იყო, სახლში დავბრუნდი, მხვდება უცნობი მამაკაცი საძინებლის გარეთ და მთავაზობს სექსუალურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, მე მას უარი ვუთხარი და გავაგდე ბინიდან. შემდეგ ისევ დაბრუნდა. დამემუქრა, რომ მოგკლავთ, ვიცი, რომ მარტო არ ცხოვრობ და ასე შემდეგ. დაუყოვნებლივ დავაფიქსირე სატელეფონო განცხადება 112-ზე. მოვიდა რამდენიმე გამომძიებელი.

თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ჩემს ორ ტრანსგენდერ დაქალს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ტაქსიდან როგორც კი ჩამოვიდნენ, თავს დაესხა სამი მამაკაცი, მალაკნების ხიდთან. სამ მამაკაცს მოჰყვნენ მეგობრები, მთლიანობაში 30-მდე მაინც იყვნენ. გარეთ დღეც ვეღარ გავალ იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, ყველას, ჩვენი სახლის მისამართი იციან“, – უყვება „ფორმულას“ ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.