UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო - პაპუაშვილი ლაშქარავაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატების შესახებ. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ UNESCO საგამოძიებო ორგანო არაა.

„UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩატარებულია, შესაბამისად ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში (რომელიც მიმდინარეობდა) გააკეთებენ განცხადებას.

კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თუ სხვა (მით უმეტეს, დღეს შობის დღესასწაულია) კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას.

ვინც ნახა „იუნესკოს“ ეს სია (და ღიაა, ხომ), იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი… აქედან გამომდინარე „იუნესკო“ არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ) განაახლა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია, რომელსაც საქართველოდან ლექსო ლაშქარავას სახელი დაემატა.

UNESCO-ს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლექსო ლაშაქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.