UNDP: საჯარო მოხელე კაცების 58%-ის და ქალების 44%-ის აზრით, გენდერული თანასწორობა მიღწეულია

პუბლიკა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საჯარო სექტორში დასაქმებულთა დამოკიდებულებები იკვლია.

კვლევის მთავარი რაოდენობრივი მიგნებებიდან ირკვევა, რომ რესპონდენტთა აზრით, ყველაზე ხშირად საქართველოში ირღვევა თანასწორობის (40%), ჯანსაღ გარემოში ცხოვრების (32%), სიცოცხლის (31%), პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის (25%) და პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის (25%) უფლებები, ხოლო ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, რესპონდენტები მიიჩნევენ ლგბტქ+ თემს (45%), ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულებს (44%) და მარტოხელა დედებს (32%).

ამასთან, დებულებას, რომ „ლგბტქ+ ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია, რომლის წევრებიც ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი“, ეთანხმება ქალების 33% და კაცების 27%.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 21%-ის აზრით, სახელმწიფო სათანადოდ  არ რეაგირებს ლგბტქ+ თემის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე.ხოლო 38% თვლის, რომ სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა (მათ შორის ქალების 34% და კაცების 46%).

გენდერულ თანასწორობასთან და ქალთა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, კვლევის მიხედვით, გამოკითხული საჯარო მოხელე კაცების 58% და ქალების 44% მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში, ძირითადად, მიღწეულია. ამასთან, საჯარო მოხელე კაცების 30% და ქალების 16% მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან ვიდრე ქალები.

კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით, საჯარო მოხელე ქალების 66%-ისა და კაცების 43%-ის აზრით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის. ამასთან, საჯარო მოხელე კაცების 36% და ქალების 83% თვლის, რომ მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.

ამასთან, რესპონდენტთა 44% თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობები საჯარო სამსახურში დასაქმების პრობლემებს არ აწყდებიან, 24%-ის აზრით კი ასეთი პრობლემა არსებობს.

რაც შეეხება საქართველოში შშმ პირების მდგომარეობას – გამოკითხული რესპონდენტების 83% ფიქრობს, რომ შშმ პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და შშმ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევას.

ათიდან ოთხი გამოკითხული(41%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოში შშმ პირთა დისკრიმინაცია გავრცელებული პრობლემაა“.

რაც შეეხება სექსუალური განათლების საკითხს –  გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ყოვლისმომცველი განათლება სექსუალობის შესახებ სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ამ დებულებას თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 87% ეთანხმება.

ამასთან, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ყოვლისმომცველი განათლება სექსუალობის შესახებ სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ამ დებულებას თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 87% ეთანხმება.

რაც შეეხება აბორტის თემატიკას –  საჯარო მოხელეთა შორის ქალების 50% და კაცების 36% ეთანხმება დებულებას, რომ „აბორტი ქალის უფლებაა“.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებზე სანდო წყაროებს –  ადამიანის უფლებებზე ინფორმაციის მისაღებ სანდო წყაროდ რესპონდენტები, პირველ რიგში, მიიჩნევენ სახელმწიფო დაწესებულებებს (78%), საერთაშორისო ორგანიზაციებსა (73%) და სახალხო დამცველს (71%). გამოკითხულთა ნაკლები ნაწილი ენდობა სოციალურ მედიას (42%), პოლიტიკოსებსა (39%) და ტელევიზიას (38%).

კვლევის მიგნებები ეფუძნება საქართველოს 103 საჯარო დაწესებულებაში ჩატარებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. სულ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1152 საჯარო მოხელე და ჩატარდა 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

კვლევის მოტივაციას ორგანიზაცია იმით ხსნის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული პირები უშუალოდ არიან ჩართულნი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საჯარო პროცესებში და ფლობენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს საჯარო ინტერესთა დასაცავად, რის საფუძველზეც ხდებიან ცვლილებათა მთავარი გამტარებლები.

სწორედ მათ ცოდნაზე, გამოცდილებასა და მგრძნობელობაზეა დამოკიდებული პოლიტიკის განხორციელება საერთაშორისო სტანდარტთა შესაბამისად და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების/სერვისების დანერგვა.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტთა თანახმად, საჯარო სამსახურში არსებული სამუშაო პირობები თანასწორობის პრინციპს ეფუძნება, რაც სამართლებლივად არის განმტკიცებული. „თუმცა, სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა ფორმალური თანასწორობის მიღმა არსებული ხარვეზები, რომლებიც ქალი და კაცი საჯარო მოხელეების სამუშაო გამოცდილებას შორის აშკარა სხვაობით გამოიხატა“.

კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჯარო მოხელეთა შორის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ხელფასი და მოუქნელი სამუშაო გრაფიკი. 

„რესპონდენტთა თანახმად, ხშირია ზეგანაკვეთური მუშაობის პრაქტიკა, რომელიც ერთეულ შემთხვევებში ანაზღაურდება. სამსახურში გვიანობამდე შრომა კარგ ტონად ან სიბეჯითის დასტურად უფრო ითვლება, ვიდრე დროის მართვის სისუსტედ. ამ კუთხით, სხვადასხვა სტრუქტურაში განსხვავებული და არაერთგვაროვანი პრაქტიკა გამოვლინდა.

ზეგანაკვეთური შრომის არაფორმალური პოლიტიკა ქალებს, კაც დასაქმებულებთან შედარებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საშინაო შრომისა და ზრუნვის მოვალეობათა გამო, რაც, თავის მხრივ, გენდერული სახელფასო სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი ხდება“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

ამასთან, კვლევის ანგარიშის მიხედვით, კვლევა აჩვენებს, რომ ქალ და კაც საჯარო მოხელეებს ოჯახები მხარს უჭერენ კარიერულ წინსვლაში, თუმცა „მხარდაჭერის“ აღქმა განსხვავდება გენდერულ ჭრილში: ქალების შემთხვევაში იგულისხმება ოჯახის სხვადასხვა წევრის დახმარება საოჯახო შრომის გადანაწილებაში, ხოლო კაცებისთვის მხარდაჭერად საოჯახო მოვალეობათა ჩამოშორება მიიჩნევა.

ამასთან, კვლევის ანგარიშის მიხედვით, ქალი საჯარო მოხელეები – მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ვალდებულებებითაც არიან დაკავებულნი – უფრო მეტად ინტერესდებიან კვალიფიკაციის ამაღლებით და ესწრებიან შესაბამის ტრენინგებში.

მთლიანობაში, ანგარიშის მიხედვით, კვლევა აჩვენებს, რომ საჯარო მოხელეები მეტწილად ინფორმირებულნი არიან ადამიანის უფლებებზე. თუმცა, ინფორმირების დონე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას ეხება საკითხი, რომელი დონის უწყებაა.

„მაგალითად, კვლევის მიხედვით, ცენტრალური დონის სტრუქტურების წარმომადგენელთა მცირე ნაწილისთვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის ძირითადი წყარო მედიაა, სამსახურში ამ თემაზე ტრენინგები არ უტარდებათ, საკუთარი ინიციატივით კი ინფორმაცია არ უძებნიათ. შესაბამისად, რამდენად რელევანტურია მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, არ იციან, და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკუთარ ინფორმირებულობასაც არცთუ მაღალ შეფასებას აძლევენ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას:

კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით.

რაოდენობრივ კვლევაში გამოყენებული ტექნიკა იყო – პირისპირ ინტერვიუ/ელექტრონული გამოკითხვა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საჯარო მოხელეები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. შერჩევის ზომა იყო 1162. შერჩევის მეთოდი – მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა. გეოგრაფიული არეალი საქართველო, ხოლო ინტერვიუს ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთი იყო.

რაც შეეხება თვისობრივ კვლევას, ტექნიკა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუს, სამიზნე ჯგუფი – საჯარო მოხელეებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, შერჩევის ზომა იყო – 20, შერჩევის მეთოდი – მიზნობრივი შერჩევა, გეორგრაფიული არეალი საქართველო, ხოლო ინტერვიუს ხანგრძლივობა – 90 წუთი.

რაც შეეხება კვლევის ინსტრუმენტს:

კვლევის მიხედვით, რაოდენობრივი კვლევისთვის მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტად გამოყენებულია

სტრუქტურირებული კითხვარი. მონაცემები გაანალიზდა შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

  • ქალაქი/სოფელი
  • სსიპ-ები/ადგილობრივი დონე/ცენტრალური დონე
  • მოხელეთა რანგები (I, II, III, IV)
  • ქალი/კაცი
  • ასაკი
  • რეგიონები

რაოდენობრივი მონაცემები ელექტრონულ კითხვარში დაარეგისტრირა ინტერვიუერმა ან/და რესპონდენტმა. ელექტრონული კითხვარისა და მონაცემთა რეგისტრირებისთვის გამოყენებულია ODK Collect-ის პლატფორმა.

რაც შეეხება რაოდენობრივი კვლევის შერჩევის დიზაინს:

კვლევის მიხედვით, შერჩევისთვის გამოყენებულია მრავალდონიანი სტრატიფიცირებული პლუს კლასტერული შერჩევა.

პირველ ეტაპზე გამოყენებულია სტრატიფიკაცია, საჯარო დაწესებულებათა მსხვილი ჯგუფების მიხედვით: ცენტრალური დონე, ადგილობრივი დონე, სსიპ-ები. #2 ცხრილში წარმოდგენილია შერჩევის მოცულობები თითოეული სტრატისთვის.

შერჩევის მეორე საფეხურზე თითოეულ სტრატაში გამოიყო კლასტერები, საჯარო დაწესებულებათა სახით; შემდეგ დონეზე თითოეულ სტრატაში არსებული საჯარო დაწესებულებები (კლასტერები) განისაზღვრა მარტივი შემთხვევითი შერჩევით; თითოეულ შერჩეულ კლასტერში გამოსაკითხ მოხელეთა რაოდენობა დადგინდა კლასტერის ზომის პროპორციულად; შერჩეულ კლასტერში კი (საჯარო დაწესებულება) რესპონდენტები გამოიკითხნენ მარტივი შემთხვევითი შერჩევით.

რაც შეეხება მონაცემთა შეგროვების პროცესს და კვლევის შეზღუდვას:

კვლევის მიხედვით, მონაცემთა შეგროვების მეთოდად შეირჩა პირისპირ გამოკითხვა, თუმცა, გამოპასუხების დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, გამოყენებული იყო ელექტრონული (ელფოსტით) გამოკითხვაც, თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით. საბოლოო ჯამში, პირისპირ გამოიკითხა 639 რესპონდენტი, ხოლო თვითადმინისტრირებადი კითხვარით – 523. ელექტრონული და პირისპირ გამოკითხვისას მიღებული მონაცემები სტატისტიკურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა არსებობს გამონაკლისიც, რომელიც ასახულია დეტალურ ანგარიშში (იხ. თავი „სამსახურით კმაყოფილება“).

რაც შეეხება გეოგრაფიულ არეალს:

კვლევის მიხედვით, კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცხრილში წარმოდგენილია რესპონდენტთა განაწილება რეგიონებისა და მონაცემთა შეგროვების მეთოდის მიხედვით.

წყარო: UNPD-ის კვლევის ანგარიში

კვლევითი ორგანიზაციის “Applied Research Company“ (ARC) მიერ ჩატარებული კვლევა განხორციელდა დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით.