UNRWA: ღაზის ბლოკადა კოლექტიური სასჯელია, ვერ შეფასდება, როგორც „გარკვეული ზიანი" 

პუბლიკა

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპე ლაცარინის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა თითქმის 70% ბავშვები და ქალები არიან. ლაცარინიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო 3 კვირაში ღაზის სექტორში მოკლულია 3 200-მდე ბავშვი – ეს ბევრად მეტია, ვიდრე ანკლავში დაღუპული ბავშვების ჯამური რაოდენობა 2019 წლიდან.

„ეს არ შეიძლება შეფასდეს, როგორც „გარკვეული ზიანი”. არ დაზოგეს ეკლესიები, მეჩეთები, საავადმყოფოები და UNRWA-ს დაწესებულებები, მათ შორის დევნილთა თავშესაფარი. ძალიან ბევრი ადამიანი არის მოკლული და დაშავებული იმ დროს, როცა ისინი ეძებდნენ უსაფრთხო თავშესაფარს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაცულ ადგილებში. ეს ზომა – ღაზის ამჟამინდელი ბლოკადა, კოლექტიური სასჯელია”. – აცხადებს ფილიპე ლაცარინი.

მისივე შეაფასებით, 2-კვირიანი სრული ალყა, რასაც გასულ კვირას მცირეოდენი დახმარება მოჰყვა, ნიშნავს, რომ:

  • ძირითადი სერვისები ინგრევა.
  • წამალი იწურება.
  • საკვები და წყალი იწურება.
  • საწვავი იწურება.

ღაზის ქუჩებში კანალიზაცია მიედინება, რაც ძალიან მალე ჯანდაცვის ძალიან დიდ საფრთხეს შექმნის.

ლაცარინსვე თქმით, ბლოკადა ნიშნავს, რომ ღაზელები ვერ უკავშირდებიან საყვარელ ადამიანებს, არ იციან, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. ასევე, კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია სამოქალაქო წესრიგის რღვევა.

მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებს მხარდაჭერა სთხოვა.

„ბოლო 3 კვირაში 64 კოლეგა დავკარგე. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა – სამირი, რეგიონში უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ცოლთან და 8 შვილთან ერთად მოკლეს. ეს გაეროს მოკლული თანამშრომლების ყველაზე დიდი რაოდენობაა კონფლიქტში ასეთ მცირე დროში.

ღაზაში ჩვენი 13 000 კოლეგა პალესტინელი ლტოლვილების თემიდანაა. ისინი ახლა ცხოვრობენ, მუშაობენ, სძინავთ UNRWA-ს თავშესაფარში.

თუმცა, მალე ამოიწურება საწვავის, წყლის, საკვების და წამლების მარაგი და ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობას.

ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა – რაფაჰის გზით შესული რამდენიმე კოლონა არაფერია ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანის საჭიროებებთან შედარებით.

ღაზაში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი ნახევარი – ბავშვია.

ბნელ დროში არ უნდა დავკარგოთ ხედვა. ჩვენი ემპათია ყველას უნდა მიემართებოდეს: პალესტინელებს, ისრაელელებს, ებრაელებს, ქრისტიანებს და მუსლიმებს.

ამ წესებს ყველა მხარე ყოველთვის და ყველგან უნდა დაემორჩილოს. მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ.

დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი გახდა. მასზეა დამოკიდებული პალესტინელებისა და ისრაელების აწმყო და მომავალი.

მოვუწოდებ ყველა წევრ ქვეყანას, შეცვალეთ კრიზისის ტრაექტორია და იმუშავეთ ნორმალური პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად. სანამ ძალიან გვიანი არ არის”. – განაცხადა ფილიპე ლაცარინიმ.


7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ასევე, გამოაცხადა ღაზის სექტორის ბლოკადა. 2 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება წყალი და საწვავი. ყოველ ღამე იბომბება ასობით ადგილი ღაზის სექტორში.