ახვლედიანი ოპოზიციას: დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებსა და პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეიქმნას საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.

ამის შესახებ ახვლედიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო!

დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების მტკიცე, უწყვეტ, გრანდიოზულ პროტესტს მხარი აუბას და სწორი სამართლებრივ-პოლიტიკური გეზი მისცეს ოპოზიციის ერთობამ.

მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სასწრაფოდ შეიმუშავებს და გააცნობს საზოგადოებას ქვეყნის უმწვავესი კრიზისიდან გამოყვანის, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა და დემოკრატიზაციის გეგმას.

უნდა შევთანხმდეთ, რომ:

  • საბჭოს ყველა ნაბიჯი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან
  • საგანგებო საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდება სამართლიანობის და თანაბრობის პრინციპით
  • რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ არსებული მთავრობის გადადგომას და უახლოეს ერთ თვეში ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება უმაღლესი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე პირებისგან
  • ტექნიკური მთავრობა პრიორიტეტულად იმუშავებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გადაუდებელ საკითხებზე
  • საგანგებო საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებს პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და დასავლელ პარტნიორებთან

საქართველოს კრემლის ჭაობიდან ამოყვანა და ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევა ახლა თითოეული შეგნებული მოქალაქისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ღირსების საქმეა!“, – ნათქვამია განცხადებაში.