უზენაესის თავმჯდომარე დასანქცირებულ მოსამართლეებს სრულ თანადგომას უცხადებს

პუბლიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე აცხადებს, რომ „ვერ მიიღებს ვერანაირ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე“, მისი თხოვნის მიუხედავად არ მიეწოდა კონკრეტული ფაქტობრივი ინფორმაცია თუ რა გახდა მისი კოლეგების დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ „სრულ თანადგომას უცხადებს“ სანქცირებულ მოსამართლეებს.

„სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ხმამაღლა მინდა ვთქვა, არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები მიღება არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ…

მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათ და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი…” – თქვა ქადაგიძემ.

ქადაგიძემ მოსამართლეების დასანქცირებას „შეცდომა“ უწოდა.

„ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება…” – თქვა მან.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ  მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.