ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიას დავა მოუგო

პუბლიკა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვაჟა ანანიძის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება და სამსახურში აღადგინა!” – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ანანიძის ინტერესებს იცავდა.

TI-ის ცნობით, მას განაცდური ხელფასის სახით 31 000 ლარის, ხოლო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 25 200 ლარს აუნაზღაურებენ.

ვაჟა ანანიძის საქმე:

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 27 ივლისს დისციპლინური წარმოების შედეგად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან დღემდე – წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის საზღვაო აკადემიასთან ყოველდღე 1.5 საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად 1-კაციან აქციას მართავდა.

TI-ის იურისტის ანა ბერძენიშვილის განმარტებით, სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, ასევე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ეს სამივე მოთხოვნა მოსარჩელეს სრულად დაუკმაყოფილდა.

„ვაჟა ანანიძე მუშაობდა ორ პოზიციაზე: I- პროფესორის, II -ის ასევე იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მუშაობდა კოორდინატორის პოზიციაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის კოორდინატორის პოზიციაზე აღდგა. რაც შეეხება  პროფესორის პოზიციას, ვინაიდან ყველა უნივერსიტეტში და მათ შორის აკადემიაშიც ეს პოზიცია არის არჩევითი – კონკურსის წესით აირჩევა 4 წლის ვადით და ვაჟა ანანიძეს დარჩენილი ჰქონდა წელიწადი და 2 თვე, სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ გათავისუფლებიდან დღემდე უკვე გავიდა წელიწადი და 2 თვე, ამიტომ მხარე (აკადემია) რომ არ დაზარალდეს, ვეღარ აღვადგენ, რადგან ის ვადა, რაც მას უნდა ემუშავა, უკვე გასულია, ამიტომ მისცა მას სრული ხელფასი, კომპენსაცია ამ ნაწილში აღდგენის სანაცვლოდ. დანარჩენ ნაწილში კი ჩვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა”, – განმარტავს „პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატი.

როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს, ანანიძე მის გათავისუფლებას აკადემიაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს უკავშირებდა და მის დისციპლინური წარმოების რეალურ მიზეზსაც ამაში ხედავდა.

„ვაჟა ანანიძის მიმართ უნივერსიტეტის მხრიდან დისკრედიტაცია არ დაწყებულა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემით. ვაჟა ანანიძე საუბრობდა აკადემიაში გამეფებულ პლაგიატზე, საუბრობდა ნეპოტიზმზე და სავარაუდო კორუფციაზე. სწორედ მას შემდეგ, რაც ვაჟა ანანიძემ დაიწყო საუბარი ამ საკითხებზე და კონკრეტული პირები და კონკრეტული სამეცნიერო ნაშრომები ამხილა პლაგიატში, მათ შორის რექტორი ირაკლი შარაბიძე, სწორედ ამის შემდეგ მას შესთავაზეს სხვა პოზიცია, უფრო მაღალი ხელფასით, გაჩუმების სანაცვლოდ, რაზეც ვაჟა ანანიძე არ დათანხმდა, ამის შემდეგ დაიყო მის მიმართ დისციპლინური წარმოება, რასაც მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება”, – ამბობს ადვოკატი.