ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ - გოლეთიანი პრემიერს

პუბლიკა

„ვფიქრობ, ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ“, – ასე უპასუხა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას.

„თუკი მისსავე განცხადებაში, ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა ის, რომ შესასწავლია ხელშკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ესე იგი რაღაც საქმე გაგვიკეთებია ჩვენი პროტესტით, ეს ერთი ნაწილი.

თუმცა ის დამოკიდებულება, რაც მოვისმინეთ რომ – „ვაიპატრიოტიზმი“, ვფიქრობ, ვაიპატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ. იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულებელყოფილია ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ, ამ ფონზე ჩვენ მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარკამპანია, რასაც თავად ხელისუფლება უდგას სათავეში და ასპონსორებენ ასობით „ფეისბუქ“ გვერდს, რომლებიც ჩვენს „გაშავებაზე“ და ამ მოძრაობის მარგინალურ ვექტორზე გადაყვანაზე მუშაობს… ამიტომ საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაიპატრიოტები და ეს არის „90-იანებში დაბრუნება“, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე უკვე ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია“, – ამბობს გოლეთიანი.

გუშინ თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს დღეს 12 საათამდე დაელოდებიან.

„რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი, როდესაც ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი სპეციალისტი, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ.“, – განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მოთხოვნების პასუხად.