ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთია - ღარიბაშვილი ნამახვანჰესის პროტესტზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტზე კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ პროცესში და ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

„ჩემი პოზიცია არის შემდეგი – ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება და გაგრძელდება ჩვენი მხრიდან.

ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაბამისი დიალოგის რეჟიმი. არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორები, სამინისტროები და ა.შ. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს.

ამიტომ, აქედან გამომდინარე კითხვები არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს, გავერკვიო რამე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება დანარჩენ ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი როდესაც ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი სპეციალისტი, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ.

შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი. დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ოკუპაციაც იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. ამიტომ მე მინდა, ადამიანებს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, “- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

გუშინ თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს დღეს 12 საათამდე დაელოდებიან.

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

      1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
      2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
      3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
      4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
      5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.