„არ დახურულა გადაცემა, გავაჩერეთ საერთო აზრით“ - Postv-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა

პუბლიკა

სახელისუფლებო პროპაგანდისტულ ტელეარხ Postv-ზე გადაცემა „დღის პოსტი“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ირმა სოხაძე იყო, შეჩერდა.

ირმა სოხაძემ ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ დაუდასტურა და განუმარტა, რომ შეჩერების გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო.

„არ დახურულა გადაცემა, გავაჩერეთ საერთო აზრით. ჩემი მოკრძალებული აზრით, ახლა მე ვერ წავიყვანდი მაგ გადაცემას. ზოგადადაც, მიმაჩნია, რომ როცა ქვეყანაში დაძაბულობაა, გასართობი გადაცემები, შეიძლება, გაჩერდეს. ქვეყანა დალაგდეს ჯერ და მერე ვნახოთ, გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება. დავიჯერო, ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემა?“, – განგვიცხადა სოხაძემ.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ეს უკავშირდებოდეს მის პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით, სოხაძე ამბობს, რომ მას იგივე პოზიცია ჰქონდა ერთი წლის წინაც.

„ჩემი პოზიცია შარშანდელიდან ცნობილია. შარშანაც ასეთი იყო, რომ მე არ მესმის ეს კანონი. შეიძლება, მე ვცდები და ნეტავ ვცდებოდე და გადასარევია და გასაგიჟებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კანონი დღეს აუცილებელია და სიკეთის მომტანი და ამიტომ ძალიან ვშიშობ, ცუდი შედეგები არ მოიტანოს. ამის ანალოგები ბევრი გვაქვს ახლო გარემოცვაში, ამიტომ არ არის ჩვენი შიში უსაფუძვლო.

წაკითხულიც მაქვს, გარკვეულიც ვარ, ქართულიც ვიცი, რუსულიც და ამერიკულიც, ბევრი რამ ვიცი ამ კანონებში, რამდენადაც არაიურისტი შეიძლება გაერკვეს. არ არის ისეთი რთული, არც იმდენად კაზუისტური და რთული, რომ ვერ გავერკვათ, ამიტომ ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ამ მოსაზრების გამო ჩემთვის არავის სიტყვა არ უთქვამს. სხვათა შორის, 2 კვირის წინ მივეცი „პალიტრას“ ეს ინტერვიუ და ვიდრე ეს გამოქვეყნდებოდა, მე უკვე ვთქვი, რომ არ არის გადაცემის დრო, კაი ხანია, გავაჩერეთ ეს გადაცემა. მერე რა იქნება, არ ვიცით“ , – თქვა ირმა სოხაძემ.

გარდა ირმა სოხაძის გადაცემის შეჩერებისა, სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა Postv-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანა ამილახვარის პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ სამსახურიდან რუსულ კანონზე განსხვავებული პოზიციის გამო გაათავისუფლეს.

„ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი, რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცედენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს). მოკლედ, დაველოდე და ისე მალე მომიხმეს, გამეცინა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?!“, – წერს ის.

„პუბლიკა“ განმარტებისთვის დაუკავშირდა POSTV-ის დირექტორს, შალვა რამიშვილს, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

„არ გაძლევთ პასუხს, თქვენი გამოცემა არ მომწონს და იმიტომ“, – გვითხრა შალვა რამიშვილმა.