ვამხილეთ პენიტენციურის თანამშრომელი, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატის მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტა - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად დანაშაულში ამხილეს პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მეტალო დეტექტორით შემოწმებისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი და ადვოკატი შოთა თუთბერიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ამის შემდეგ ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, “ – განაცხადა სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის საჯარო განცხადებისთანავე ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.

„შედეგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.