სააკაშვილის ადვოკატთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა- პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის,  შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

მათივე ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნული ფაქტის  შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან  ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ პუნქტით.

„ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

შოთა თუთბერიძემ გუშინ განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილის გინების შემდეგ მასაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.