„ვაპირებთ მედიაციის პროცესის დაწყებას" | Bolt Food-ის კურიერი

პუბლიკა

„კომპანიამ გამოაქვეყნა წერილი და გვიპასუხა – დასჯილები ხართ იმის გამო, რომ გამოთქვით თქვენი აზრი და პროტესტი დააფიქსირეთო – ეს იყო კომპანიის პოზიცია“, – ასე აფასებს Bolt Food-ის პარტნიორი კურიერი, ზაქარია მეტრეველი კომპანია Bolt Food-ის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც კურიერების პროტესტის საპასუხოდ გაავრცელა.

ერთ კვირაზე მეტია, რაც მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. მათ ამ პერიოდის განმავლობაში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილე კურიერები მომსახურების ტარიფების ზრდასა და კურიერთა ზოგადი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კურიერების პროტესტის საპასუხო წერილში Bolt Food აღნიშნავს, რომ „პარტნიორი კურიერები დასაქმებული არ არიან შრომითი ხელშეკრულებით და ისინი მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე კომპანიამ აღნიშნა, რომ პარტნიორ კურიერებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ, ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე. 

„პარტნიორი კურიერების გარკვეული ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ორგანიზაციის სერვისისა და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაიბლოკა პლატფორმიდან“, – განაცხადა კომპანიამ.

Bolt Food-ის პარტნიორი კურიერი, ზაქარია მეტრეველი „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ის კურიერები, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, აპირებენ მედიაციის დაწყებას და ამისთვის, წერილის გაგზავნას ჯანდაცვის სამინისტროში.

„კომპანიას [მოლაპარაკებებისთვის] მზაობა რომ ჰქონოდა, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მსგავსი პროცედურების ჩატარება. უბრალოდ არანაირი პასუხი რომ არ არის მათი მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ გაფიცვა“, – აღნიშნა ზაქარიამ.

როგორც კურიერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მათი მოთხოვნების ნაწილში არაფერი შეცვლილა და მოთხოვნებს კიდევ ერთი პუნქტი ემატება – კომპანიამ დაბლოკილი კურიერები დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს.

„დაბლოკილი კურიერები ამ ეტაპზე ვერ მუშაობენ. სამუშაო პროცესი გრძელდება მხოლოდ მათთვის, ვინც არ არიან დაბლოკილები. მედიაციის შედეგად, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას ბოლოს და ბოლოს დავუსხდებით და მოვა კომპანია იმ აზრზე, რომ ჩვენთან ერთად უნდა დაჯდეს და რაღაც საკითხები ერთად უნდა გადაწყდეს“, – ამბობს ზაქარია.