ვაქცინაციის გეგმა | ტექნიკური მზაობა, ვაქცინის მიღების ვადა და რაოდენობა - გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმაზე.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაო დასრულებულია, გეგმას კვირის ბოლომდე სამინისტრო მთავრობას გადაუგზავნის და მთავრობა მას დაამტკიცებს.

თამარ გაბუნიას თქმით, გეგმით გათვალისწინებულია 3 ეტაპი, რითაც მოხდება თავდაპირველად მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ იმ ადამიანების, რომლებსაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი აცრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც, მისი თქმით, იმუნურობის დონის გარანტიას შექმნის იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგეს.

„რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურის მოთხოვნის ვაქცინა.

„გეგმაში დაკონკრეტებულია ძალიან მკაფიოდ, რომ სამივე ტემპერატურული მოთხოვნისთვის ქვეყანა არის მზად – ეს არის -80-გრადუსიანი, -20-გრადუსიანი Moderna-სთვის და 2- და 8-გრადუსიანი რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვი, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია. მზაობა არის მაღალი, არც სჭირდება დამატებითი ინვესტიცია იმისთვის, რომ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვადებს, გაბუნიას განცხადებით, ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინის I დოზა COVAX-ის პლატფორმიდან შესაძლებელია, რომ მიიღოს 2021 წლის I კვარტალში. ამის შესახებ ქვეყანამ მზაობა უკვე გამოხატა.

„ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან  მივიღოთ I კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ისე ტექნიკური მზაობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მხრიდან მზაობის გამოხატვის შემდეგ, ვაქცინის მიღების მეორე ეტაპია COVAX-ის პლატფორმიდან პასუხის მიღება და თარიღის მიწოდება, როდის დაიწყება ვაქცინაცია.

„ის, რომ თებერვალში ქვეყანაში ვაქცინა გვქონდეს და ეს პროცესი დაიწყოს, არის სრულიად რეალისტური პროცესი, არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა ველოდებით დასტურს COVAX-ის პლატფორმიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე COVAX-ის პლატფორმაზე საქართველომ მოითხოვა მოსახლეობის 20%-ის ასაცრელი, ანუ მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინის.

„მილიონ-ნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად და ქვეყანა, როცა აითვისებს პირველ ნაწილს, დავუშვათ, 50 ათასი პირველ ეტაპზე, შემდეგ მოვა დანარჩენი, იქამდე სანამ სრულიად არ ამოიწურება 20%.

რაც შეეხება Pfizer-ის პირველ შემოტანას, აქ საუბარია უფრო შეზღუდულ ჯგუფზე, დაახლოებით, 20 ათას დოზაზე ვვარაუდობთ, რაც იქნება 10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.