„ველოდებით, როგორც კი პროცესები დაიწყება, მივიღებთ ზომებს“ | რუსთაველის თეატრი

პუბლიკა

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. გუშინ თეატრი ამ ამბავს მხოლოდ Facebook-გვერდზე ერთი წინადადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ „რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას”.

დღეს, ჟურნალისტებთან რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები და შემდეგ უკვე თეატრი მიიღებს თავის ზომებს.

„ამ ეტაპზე ჩვენ იურიდიულად რისი შესაძლებლობაც გვაქვს… ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას. ვიცით, რომ დაბარებული არიან პროკურატურაში, ერთი მხარეც და მეორე მხარეც. ველოდებით. როგორც კი პროცესები დაიწყება, ჩვენც აუცილებლად გამოვეხმაურებით ამას და მივიღებთ ჩვენს ზომებს”, – ამბობ ის.

ია შერაზადიშვილი ამბობს, რომ საქმის გარკვევამდე  თეატრი მიიღებს ზომებს და შეაჩერებს ბესო ზანგურის შემოქმედებით ცხოვრებას.

როგორც დღეს მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, მას დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებიდან და უთხრეს, რომ დაინტერესდნენ მის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ.

„კურიერის“ ინფორმაციით, მსახიობი და ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას ჯერჯერობით არ გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე მართლაც დაიბარეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიების დაწყება და პროცესის წარმართვის მიმართულება, დამოკიდებულია იმაზე, რა ინფორმაციას მიაწოდებს საგამოძიებო უწყებას მსახიობი.