ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე და შეფასებები

პუბლიკა

ვენეციის კომისიამ 20 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც შეფასებულია 2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში შესული ცვლილებები.

როგორც ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ წერს, კომისიის რეკომენდაცია შეეხება მოსამართლეთა ხელახალ დანიშვნას, მოსამართლეთა მივლინებას და გადაყვანას, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ჩამოცილებას საქმის განხილვისგან, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დისციპლინური გადაცდომის ახალი საფუძვლები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, გურო იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვენეციის კომისია“ კანონპროექტის „თითქმის ყველა ნაწილს“ ძალიან კრიტიკულად აფასებს, მაგრამ თავად გამოჰყოფს სამ საკითხს:

1) „კორპორატივიზმი და კრონიზმი – დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ კომისია კორპორატივიზმის პრობლემის დასაბუთებულობის, ან მისი სიმძიმის შეფასებაში ვერ შევა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯების ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად;

2) კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება – ამ შემთხვევაში კომისია ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ განხილვების დაუსაბუთებელი დაჩქარება, კანონპროექტების ამგვარი უხარისხო განხილვა პირდაპირ ძირს აცლის საპარლამენტო კონტროლის არსს. მითუმეტეს, როცა კანონპროექტი სხვა სახელისუფლებო შტოს საქმიანობას შეეხება, აქ სახელუფლებო შტოებს შორის ბალანსის პრობლემაც შემოდის;

3) კანონპროექტის დასაბუთებულობა – კომისია მკაფიოდ წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათი შეხვედრებისას, ვერანაირი დასაბუთება, ვერც ადეკვატური სტატისტიკური მონაცემები და ვერც რაიმე კვლევა, ვერ მოისმინეს, რომლითაც ეს ცვლილებები დასაბუთდებოდა. მეტიც, კანონპროექტის შინაარსი პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს და ევროპის სასამართლოს მიერ განვითარებულ პრაქტიკებს, აგრეთვე ჩვენს კონსტიტუციურ სტანდარტებს. ასევე დასკვნაში საუბარია რისკებზე, რომ ეს ცვლილებები შეიძლება გამოყენებული იყოს მოსამართლეთა გასაჩუმებლად და განსხვავებული აზრის დასახშობად“, – წერს იმნაძე.

ვენეციის კომისიის დასკვნა შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ, ანრი ოხანაშვილმაც.

ოხანაშვილის თქმით, „დასკვნაში არის ერთი უცნაური რეკომენდაცია“:

„ვენეციის კომისიამ 2014 წლის 14 ოქტომბერს გასცა რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს. ჩვენ ეს რეკომენდაცია 2021 წლის 30 დეკემბერს ცვლილებების შედეგად, ზედმიწევნით შევასრულეთ, თუმცა, ვენეციის კომისია ზედმიწევნით შესრულებულ თავისივე რეკომენდაციასთან მიმართებით დღეს უკვე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ამ უცნაურ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად, წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც მსჯელობა გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კომისია დადებითად აფასებს ერთი და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნას, საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის ძირითად და დამატებით დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაციას.

„ვენეციის კომისია მსჯელობს მთელ რიგ საკითხებზე, მაგალითად, მოსამართლის მივლინების წესში ცვლილებასთან დაკავშირებით. კომისიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წესის საკანონმდებლო დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს, თუმცა, მას მოსამართლის თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში მივლინება, ზოგადად, უარყოფითად არ შეუფასებია. მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის დისციპლინურ სამართალდარღვევად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ზოგადი მოვალეობის დარღვევის გამო მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დავას არ იწვევს“, – აცხადებს ოხანაშვილი.


„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სახალხო დამცველმა და მოსამართლეთა 5-კაციანმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

კანონპროექტს დაჩქარებული განხილვის ეტაპზე არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და ოპოზიციის კრიტიკული და მწვავე შეფასება მოჰყვა. NGO-ების შეფასებით, ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო.