„ვერაფერს ვხედავ საძრახისს, ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის“ - წულუკიანი „სისხლიან ბანერებზე“

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკაშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ამ ბანერებში „საძრახისს“ ვერაფერს ხედავს.

„ამ ბანერში ვერაფერს ვერ ვხედავ საძრახისს…მე ვთვლი, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ძალიანაც კარგია, რომ ეს ბანერები არის. მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩნდა … მე არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული. რომ დავინახე, ჩემს რეაქციას მეკითხებით … ჩემი რეაქცია არის ის, რომ აი ესენი არ უნდა დაგვავიწყდეს, “- ამბობს ის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა პრობლემა, რომ ამ ბანარებს უყურებენ არასრულწლოვნები და ბანერებზე გამოსახული ადამიანების ოჯახის წევრები, თეა წულუკიანმა უპასუხა: „რა არის ამ ბანერზე ამისთანა, უხამსობაა? პორნოგრაფიაა? თუ რა არის?”


„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახულია მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.