ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება - სოზარ სუბარი

პუბლიკა

„ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიამ ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება. ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.“ – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან.

სამგორთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. პრობლემური რაიონია. დედაქალაქის მეოთხედს მოიცავს და პრაქტიკულად, ქალაქში ერთადერთი რაიონია, სადაც ბევრ ქუჩაზე არ არის გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია.  ეს ყველაფერი გასაკეთებელი გვაქვს. არის ბევრი უკანონო მშენებლობა.

ყველას ერთსა და იმავეს ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, გავაკეთებთ და დავეხმარებით დაკანონებაში.  არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები. ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს ზრდიან. ხეხილი აქვთ დარგული. ვპირდებოდით, რომ დავეხმარებით. თუმცა ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მაქვს 1400 კვადრატული მეტრი შემოღობილი. ყველას ვეუბნებოდი იქვე, რომ მე ვერ დაგპირდებით, რომ თბილისში 1800 მეტრის დაკანონებაში მოგეხმარებით, მაგრამ მინიმუმი საცხოვრებელი, რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით.

ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიამ ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძნელია დახმარება.

თუ ადამიანებმა მართლაც ბოლო ორ-სამ თვეში ააშენეს სახლები და სხვა საცხოვრებელი აქვთ, ასეთ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ“, – განაცხადა სუბარმა.

 

სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

 

LB loan image desktop LB loan image mobile