„ვესაუბრეთ პერსონალურ სანქციებზე“ - ოპოზიციის ლიდერები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ გზად შეთავაზებული იყო პერსონალური სანქციები.

„მე ვუთხარი ჩემი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეგ გასაგებია. ეს არის ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან. ეს არის ერთი გზა ზეწოლა, რაც შეიძლება იყოს, მეორე, ეს არის სანქციები, ამაზე იყო საუბარი და დისკუსია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, მათ ვესაუბრე პერსონალურ სანქციებზე და ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ ასცდება მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ერიკა ოლსონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე და ბუნებრივია, მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და დაპირისპირება.