ვფიქრობ, ახლაა ის სიტუაცია, რომ ხელისუფლებისგან რაღაც პოზიტიურ ნაბიჯს ველოდოთ - ედუარდ სააკაშვილი

პუბლიკა

„სამწუხაროდ, იმდენად მძიმეა [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა, რომ ამას ვეღარავინ უარყოფს”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ბოლო დღეებში უფრო და უფრო აშკარა გახდა მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა არის მართლა საკმაოდ მძიმე. ამაზე ექიმებიც უკვე ძალიან ღიად საუბრობენ, „ვივამედზეა” საუბარი. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დღევანდელი ბრიფინგიც ამაზე მეტყველებს, რომ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ძალიან უჭირთ უარყონ ეს რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობა არის მძიმე”, – ამბობს ის.

რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ედუარდ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლაა ის სიტუაცია, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან

„რეალურად, რატი ბრეგაძემ სიმართლე თქვა, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი [სასჯელის გადავადება, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება], და რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

მაგრამ სიტუაცია არის ის, რომ.. მგონი ყველა ხვედა უკვე, რომ სიტუაცია მართლაც მძიმედაა. და ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მე არ ვამბობ სიტყვა კომპრომისს, რადგან ეს ლოგიკური სვლაა, სამართლიანი სვლაა და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ყველანაირად და დასაფასებელი.

მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, რა თქმა უნდა ადრე, ვიდრე გვიან. რადგან რთული წარმოსადგენია, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 თვეა კლინიკაშია და მისი მდგომარეობა, პირიქით, დამძიმდა.

„ახალი გადაყვანილი რომ იყოს „ვივამედში”, იფიქრებდი, მიხედავენ. მაგრამ უკვე 6 თვეა იქაა და ამ პირობებში წავიდა საქმე აქეთკენ. ე.წ. რაღაც უნდა მოხდეს ხომ? თორემ, ამ ხაზს თუ გავყვებით, ძალიან ცუდ ადგილას მივდივართ”, – აღნიშნა მან.