პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები დიდი ფულით არის დაფინანსებული და კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
მან ასევე თქვა, რომ თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.
„ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება, “- ამბობს ირაკლი კობახიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია აქცია მობილიზებული იყოს ასეთი რესურსით, წვრილმანი შემოწირულობით და ემიგრანტების გადმორიცხვებით.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დღეს თბილისში 4 საათზე განახლდა და მსვლელობა მოეწყო ფილარმონიის შენობისკენ. აქტივისტების თქმით, აქცია ხვალაც გაიმართება, რის შემდეგადაც ისინი რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და იქ გააგრძელებენ პროტესტს.
„მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
შეფასებაში კრიტიკულადაა განხილული მთელი რიგი პუნქტები და შეიცავს 22 შენიშვნას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.