ვიდეო| განათლების სამინისტროსთან მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სალომე გორგოძე

დღეს, განათლების სამინისტროსთან მასწავლებლებმა, მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის ბელა ხუბუტიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

საჯარო სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დიერქტორი ბელა ხუბუტია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს შეუწყდა, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია შეძლებს თუ არა სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის გაგრძელებას, ისე, როგორც ეს ზოგიერთი მისი კოლეგის შემთხვევაში მოხდა. ბელა ხუბუტიამ „პუბლიკასთან“ საუბარში სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ , რომ ბელა ხუბუტიამ 13 წლიანი მუშაობის განმავლობაში სკოლისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები განახორციელა, ის კარგი  ლიდერი და მენეჯერია. აქციის მონაწილეები ითხოვენ ბელა ხუბუტიას მორიგ არჩევნებამდე  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

„8 სექტემბერს ორი ვადით არჩეულ დირექტორებს შეუწყდათ მუშაობის უფლება, ეს კანონიერად, თუმცა შერჩევითი სამართლის პრინციპით, სწორედ ორი ვადით არჩეული დირექტორები დღესაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ამ შერჩევითი სამართლის პრინციპით მომუშავე დირექტორების რიგში ვერ მოხვდით ჩვენ და კიდევ რამდენიმე დირექტორი, გაურკვეველია ეს, თუ რაღაც დათმობა არის გარკვეული კატეგორიის მიმართ ეს უნდა იყოს ყველასთვის. ეს დათმობა ვფიქრობ სამართლიანიც იქნებოდა, რადგან გაზაფხულზე პანდემიის გამო ვერ ჩატარდა დირექტორების არჩევნები, შესაბამისად ეს ადამიანები დარჩნენ კონკურს გარეშე. რომ ჩატარებულიყო დირექტორის არჩევნები, ისინი კანონიერად თავიანთ საქმინობას სხვა სკოლებში გააგრძელებდნენ, ამ მდგომარეობით ვფიქრობთ , რომ ისევე როგორც ჩვენი დირქტორის, ასევე მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა დირექტორების შრომითი უფლება შეიზღუდა“,- უთხრა „პუბლიკას“ სკოლის პედაგოგმა შორენა ბერელიძემ და განმარტა, რომ ,- „მე-10 საჯარო სკოლა თავის მდგომარეობის გამო კრიზისულ სიტუაციაშია, შენობა ავარიულია, შევეკედლეთ 22-ე სკოლას, რთული პროცესია, მაგრამ სწორი მენეჯმენტით ბელა ხუბუტიამ შეძლოა მასწავლებლებისა და მოსწავლეების კონტინგენტის შენარჩუნება და გაზრდაც კი.  ამ სიტუაციაში ჩვენ სწორი კურსის ამღები ამ საქმეში გათვითცნობიერებუილი დირექტორი გვჭირდება და ისეთი ადამიანი, რომელიც ამ რელსებიდან სხვაგან არ გადაიყვანს სკოლას.“

ამავე სკოლის პედაგოგი სოფო ასათიანი ფიქრობს, რომ ბელა ხუბუტიას მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება სწორედ მისმა აქტიურობამ განაპირობას, სკოლისთვის შენობა შეენარჩუნებინა.

„დირექტორების ნაწილს მისცეს უფლება, რომ გაეგრძელებიათ ხელშეკრულება და ყოფილიყვნენ მოვალეობის შემსრულებლები, ჩვენს დირექტორს ამის უფლება არ მისცეს, ამიტომ ვითხოვთ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. ბელა ხუბუტიამ 13-წლიანი მუშაობით დაამტკიცა თუ როგორი მენეჯერია, სკოლისთვის რა სასიკეთო ძვრები აქვს გაკეთებული. მან ჩვენი სკოლის შენობისთვის, ის რომ ერთიანი სივრცე გამოეყოთ, ძალიან ბევრი იბრძოლა, ვფიქრობთ ეს არის მიზეზი სწორედ მისი გათავისუფლების.

სკოლების უმეტესობა სადაც კი ასეთი ავარიული შენობებია, გადაიყვანეს სხვადასხვა სკოლებში, ორად გაყვეს და მეორე ცვლაში. ჩვენ ვართ სკოლა, რომელმაც ერთიანი სივრცე დაიბრუბნა, ეს არის ბელა ხუბუტიას დამსახურება, ამიტომ ვფიქრობ სწორედ ამას გადაჰყვა მისი პოზიცია. სამინისტროსთვის ის აღარ არის საჭირო დირექტორი და ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან ამათ არ სჭირდებათ ლიდერები, მენეჯერები, მათ სჭირდებათ უბრალოდ შემსრულებლები, რასაც დაავალებენ რომ გააკეთოს“.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, – განმარტავენ სამინისტროში.

ბელა ხუბუტია სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს, უფრო კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში (სადაც მე-10 საჯარო სკოლა მდებარეობს) მდებარე 48 საჯარო სკოლიდან , პირველ ეტაპზე 29 სკოლის დირექტორს სამინისტროდან მიეთითათ, რომ დაეწერათ განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს თხოვდნენ თავისი კანდიდატურის წარდგენას მათსავე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. ბოლო მონაცემებით კი რაიონში სულ 6 დირექტორი აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც მსგავსი მითითება განცხადების დაწერის თაობაზე არ მიუღიათ, მათ ხელშეკრულება შეუწყდათ და არც გაგრძელებიათ.

„რეალობა არის ეს, რომ წინასწარ იცოდნენ დირექტორებმა, წინასწარ დაუკავშირდნენ იმ დირექტორებს, რომლებსაც მიეცათ ეს უფლება, რომ დაეწერათ განცხადება, სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თავისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

მე მაგალითად 8 სექტემბერს შემიწყდა უფლებამოსილება და ჩემი ინიციატივით, როგორც მოქალაქე ბელა ხუბუტიამ სამინისტროში შევიტანე განცხადება იმისათვის, რომ განიხილონ ჩემი კანდიდატურა მე-10 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ველოდები პასუხს, თუმცა არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი, იმიტომ რომ თუ არ გეუბნებიან წინასწარ დაწერე განცხადება, სავარაუდოდ პასუხიც იქნება უარყოფითი“,- უთხრა „პუბლიკას“ ბელა ხუბუტიამ.