ვითარება ბუკნარში | მერიასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი

პუბლიკა

ჩოხატაურის რაიონის მერიასთან ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათ მხარდასაჭერად ჩასული ადამიანები არიან შეკრებილები.

ისინი მოითხოვენ მხარეებს შორის მოლაპარაკებას, სასულიერო პირებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით და აცხადებენ, რომ არ წავლენ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.

ერთი შეხვედრა ჩოხატაურის მერიაში გუშინ, 13 იანვარს, ღამით გაიმართა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრას გურიის მხარის გუბერნატორი, ჩოხატაურის მერი და დაპირისპირებული მხარეების შერჩეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ჩოხატაურის მერი კი ამბობს, რომ შეთანხმება შედგა.

„მოლაპარაკება არ შემდგარა ჩვენთან შეთანხმებით. მოლაპარაკებაზე ის ხალხი არ წაუყვანიათ, ვინც გვსურდა. აარჩიეს ის 5 კაცი, ვინც მათ უნდოდათ. ჩვენ მოლაპარაკებას არ ვეთანხმებით, რადგან აქ საჭიროა, ზემდგომი ორგანოები ჩაერიონ და მოგვცენ პირობა, რომ ჩვენ მუსლიმანი ხალხი ვილოცებთ“;

„ეს ხალხი აარჩიეს მათ. ჩვენ ვინც გვინდოდა, ისინი არ შესულან. არ გამოსულა იქიდან პასუხი. ჩვენ ვითხოვთ, სამღვდელოება ჩაერიოს, სამუფთო ჩაერიოს, სახელმწიფო დონეზე ჩაერიონ, მოხდეს განხილვა და გამოვიდნენ და მოუწოდონ სიმშვიდისკენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ბრალდებას იმის შესახებ, რომ წუხანდელ შეხვედრაზე მუსლიმი თემისთვის სასურველი წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პასუხობს. ის აცხადებს, რომ შეხვედრას მხარეების მიერ შერჩეული პირები დაესწრნენ და შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე თქმით, ჩოხატაურის მერიასთან ახლა შეკრებილები არა ბუკნარის მცხოვრებლები, არამედ სხვადასხვა რაიონიდან ჩასული ადამიანები არიან.

„მოლაპარაკება შედგა ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გამოყვეს როგორც აჭარულმა, ისე გურულმა თემმა წარმომადგენლები. მათ მოილაპარაკეს, რომ გაგრძელდებოდა ისევ ისე ლოცვა, როგორც იყო; იცხოვრებდნენ ისე, როგორც წარსულში. აღნიშნული პირები, ვინც აქ იმყოფება, არც ერთი მათგანი არ არის ბუკნარელი, ყველა არის ჩამობრძანებული;

ბუკნარიდან პოლიციას არ გამოუყვია არც ერთი მოქალაქე შეხვედრაზე. თვითონ ბუკნარელმა ხალხმა გაუშვა თავიანთი ლიდერები, რომელთაც სიტყვა ეთქმოდათ. რა შუაშია აქ ხელისუფლება ან პოლიცია. აქ ვინ დგას, რას ლაპარაკობს, ჩემთვის უცნობია. ის ხალხი, ვისაც მართლა გულისტკივილი ჰქონდა, შეხვდა ერთმანეთს, გადაწყვიტეს და დაიშალნენ“,  – განაცხადა მან.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.