ვითხოვთ იუსტიციის მინისტრთან შეხევდრას - დეკანოიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ისინი იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის სახელით, ვითხოვ შეხვედრის უფლებას, მინიჭებულს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, იმისთვის, რომ მან განგვიმარტოს, მოჰყვეს ის არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით რომ საუბრობს, ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი, დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს, ჩვენთან შეხვედრის დროს მოჰყვეს არგუმენტები, რატომ არის და რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება არღვევს ყველა საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლს.

რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გადაწყვეტილი ყოველგვარი კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინა მესამე პრეზიდენტი, პატიმარი, რომლის მიმართაც განხორციელებული იქნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამიტომ თუ აქვს გამბედაობა, თუ მხოლოდ „იმედისა“ და სამთავრობო ტელევიზიების არხებით არ შეუძლია საუბარი, თუ აქვს იმის გამბედაობა, რომ არ იყოს ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული თანამდებების პირი, არამედ იყოს როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ახლა გამოაგზავნოს ვინმე, გამოვიდეს ან ჩვენ შევხვდებით შევალთ. არ გვინდა არავითარი დაპირისპირება ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მასთან შეხვედრას, კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.