ვმუშაობთ, რომ ქაბულიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული საჰაერო ბორტებით მოხდეს - საგარეო

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს ქაბულში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე და ამბობს, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან უკრაინულ მხარესთან, რათა უკრაინის საჰაერო ბორტით მოხდეს ქართველი მოქალქეების ევაკუაცია ქაბულიდან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე. ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.

სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.


„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ქაბულში მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე ქვეყნიდან გამოყვანას ითხოვს.

დღეს, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ ქალაქში თალიბანის მებრძოლები „ყველა მხრიდან“ შედიოდნენ.

ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა და ტოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება. ასევე, BBC იუწყება, რომ ხალხი დედაქალაქს მანქანებით ტოვებს, რამაც გზებზე დიდი საცობები გამოიწვია.