ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს ხვალ საოკუპაციო ხაზთან გაიმართება აქცია
„რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა , თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი მიუხედავად პარტიული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, რომელსაც გულიშესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ვიკრიბებით კვირას 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.
მინდა მივულოცო ხელისუფლებას ხვალინდელი დღე,ის რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება, ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.