ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე - ნინო სუხიშვილი

პუბლიკა

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფელბა ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი“,- ასე გამოეხმაურა ანსამბლ „სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ დარეგისტრირებას. ნინო და ილიკო სუხიშვილებს ჟურნალისტმა შეკითხვა დღეს თბილისში პარლამეტის წინ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაუსვა.

„გასაკვირია რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის გატარების იდეა, რომელშიც არაფერი არ არის შეცვლილი ერთი სიტყვის გარდა – აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორე პრინციპში იგივეა აბსოლუტურად.

და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოყვებიან ამ კანონპროექტის ქვეშ, არ მიმაჩნია რომ ისინი არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები, პირიქით ზუსტად ისინი არიან ვინც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავენ და ასევე კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყენებში რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა. ვფიქრობ რომ [რუსული კანონის მიღება] ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხე იქნება, რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.