ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უნდა უზრუნველყონ მაქსიმალურად მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებების მიწოდება ვაქცინაციის მნიშვნელობის თაობაზე. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან.

„მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა და შესაბამისად, დაყოლიება”, – ამბობს ტიკარაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებული არის. აიცრა მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელიც გამოიკვეთა რომ, თავისი ინიციატივით არ აიცრებოდა.

„ჩვენ გავზარდეთ ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის მიტანა ყოველი სახლის კარამდე. მნიშვნელოვანია რომ ეს გაგრძელდეს არამხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელიც ამ ეტაპისთვის გამორჩეული იყო, (გამომდინარე იქედან, რომ იქ 3 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ ამოვარჩიეთ დიდი სოფლები), არამედ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გადავინაცვლოთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში, სადაც ასევე ჩავატარებთ მსგავს და სხვა ტიპის მარათონებს“, – აცხადებს მინისტრი.