ვწუხვარ, რომ საზოგადოება ამ ბოლო დროს დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ასევე, პრეზიდენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, საზოგადოება ამ ბოლო დროს დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით.

„მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია.

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის. ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.


პრეზიდენტის სასახლესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.