წარმოიდგინეთ, ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და თავისი ნამუშევარი გაიტაცა - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მხატვარ სანდრო სულაბერიძის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ის ამ გამოფენის („ავტოპორტრეტი სარკესთან“) გახსნაზეც ვერ წავიდა და დისტანციურად აკვირდებოდა რა ხდებოდა.

„თავიდან გალერეის გუნდი დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან …აი, მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და თავისი რომელიმე ნამუშევარი გაიტაცა, ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… თუკი მივცემდით ამის ნებას მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია, “- თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს სივრცე, ეროვნული გალერეა და არა კერძო ადგილი, სადაც რასაც უნდა იმას გააკეთებენ.

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი სივრცე, რომელიც მანამდე იყო სრულად დახურული და ჩაკეტილი. ჩვენ მართლაც ვთქვით ამით, რომ ხელოვნება თავისუფალია და ის ეკუთვნის მხატვრებს, “- თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ რეაქცია, რაც მოჰყვა მხატვრის საქმეზე დაწყებულ გამოძებას იყო ზოგიერთი ადამიანის „უბრალოდ პოზა, რადგან პოზა არის მოდაში“.

„ჩადგნენ პოზაში, რომელიც არის ცრუ პოზა. პოზაში როცა დგები ელოდები, რომ დაგარტყამენ და ამ დროს არავინ არ აპირებს ამას. ეს რომ გაიგეს, მერე მოეშვნენ.

უნდა დავინახოთ შიშველი სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ გალერეა არის ღია და ყველასთვის ფართოდ გავაღეთ კარი. ეს მე მიხარია, მაგრამ არის ელემენტარული წესები. გალერეა არ არის კერძო ბუტკა, არის სახელმწიფოსი.

რა თქმა უნდა, გალერეაში იყო უსაფრთხოების რგოლშიც, როგორც ჩანს, სისუსტე _ ადამიანმა რომ მოხსნა, წავიდა, ამხელა მანძილი გაიარა და მიიმალა… დასაფასებელია რომ ადამიანებმა იგრძნეს იქ პასუხისმგებლობა და თავისით დატოვეს სამსახური, რომ ეს როგორ დამემართა, “- თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ისევ ისე გააგრძელებს კულტურის პოლიტიკას, როგორც აქამდე.

„ჩვენ მაინც ვართ კარგ ხასიათზე და მაინც ვაგრძლებეთ იმ კულტურის პოლიტიკას, რომელიც გვქონდა. მე ვაკეთებ საქმეს, მე ამ ჩემს ხნულს მივყვები და ამ ხნულს მივყვები ბოლომდე.

რა თქმა უნდა ჩვენ იქ მექანიზმებს ცოტა უფრო დავხვეწთ, რადგან ამ მაგალითმა გვაჩვენა, რომ შეიძლება ცოტა უფრო სერიოზოული საფრთხეც მოხდეს მომავალში, “- თქვა მან.


არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ გალერეის კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მოგვიანებით გამოძიება შეწყდა, შსს-ს ცნობით, დანაშაულის არასებობის გამო. 

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.