სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.
პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებულ კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული.
საქართველოს პარლამენტში „TV პირველიდან“ მასალების ამოღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხეს მმართველი გუნდის წევრებმა, დავით მათიკაშვილმა და ნიკოლოზ სამხარაძემ.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ნივთის ამოსაღებად პროკურატურა სადმე შეიჭრას.
„ჩემთვის, პირადად, წარმოუდგენელიც არის რაღაც ნივთის ამოღებაზე, ვინმე სადმე შეიჭრას. აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, შეჭრაზე ან რამე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ეს. აქ არის საუბარი თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და ყველა დანარჩენ პირს, მათ შორის, ტელევიზიებს შორის.
სწორედ ამ ტელევიზიაზე გავიდა ეს სიუჟეტი და პირველ რიგში, ეს ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული, რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა, როდესაც საზოგადოებას აცნობს რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ცრუ ინფორმაციას, მაგრამ იმისათვის, რომ იყოს ეს დადასტურებული, ამისთვის ტარდება სწორედ გამოძიება“, – ამბობს დავით მათიკაშვილი „TV პირველთან“.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, დეპუტატის საქმე არ არის საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში შეჭრა.
„დეპუტატის საქმე არ არის საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში შეჭრა, არც სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, არც ჟურნალისტების საქმიანობაში შეჭრა. შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. თავისი პროცესები და პროცედურები აქვს და ამით იმოქმედებენ, ალბათ [პროკურატურა]. არ ვარ იურისტი და ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ“, – ამბობს ის.