წიგნიერებით თავმომწონესთვის უცნაურია, რომ სადამსჯელო ინსტინქტები მწერლებისკენ მიმართეთ - სამადაშვილი წულუკიანს

პუბლიკა

„საკუთარი წიგნიერებით თავმომწონე ადამიანისთვის ძალიან უცნაურია, რომ როგორც კი კულტურის სადავეები ჩაიგდეთ ხელში, თქვენი სადამსჯელო, ეგზეკუციონერული ინსტიქტები, სწორედ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართეთ“, – ასე მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.

სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს წინა მოწვევის პარლამენტში მისი გამოსვლა გაახსენა და აღნიშნა, რომ მაშინ წულუკიანმა თავი მოიწონა წიგნიერებით. თუმცა, სამადაშვილის თქმით, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ის, პირველ რიგში, სწორედ მწერლებს დაუპირისპიდა, ისევე, როგორც კომუნისტური პარტია საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

„ქალბატონო თეა, თქვენ აქ საქართველოს პარლამენტში, სხვა იპოსტასში რომ იყავით მობრძანებული, წინა პარლამენტს ვგულისხმობ, ჩემს მეგობარს, ელენე ხოშტარიას მიმართეთ, რომ შენ უწიგნური ხარ და მე ბავშვობაში წიგნს ვკითხულობდი, შენ რომ ბურთს თამაშობდიო.

საკუთარი წიგნიერებით თავმომწონე ადამიანისთვის ძალიან უცნაურია, რომ როგორც კი კულტურის სადავეები ჩაიგდეთ ხელში, თქვენი სადამსჯელო, ეგზეკუციონერული ინსტიქტები, სწორედ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართეთ

მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ, პირველი შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, სწორედ მწერალთა კავშირი იყო. იმიტომ, რომ იცოდნენ მწერლობის გავლენა და ღირებულება საზოგადოებაში.

მე ახლა გისმინეთ გამოსვლის დროს და ერთადერთი რაც გავიგე ისაა, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია უდევს სარჩულად თქვენს დამოკიდებულებას კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით.

თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ მწერლობას და კარგია. მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, არც ის გაგვიკვირდებოდა, კალმები აეცალა ქართველი მწერლებისთვის და კარგია, რომ ამას არ აპირებთ.

მაგრამ, თუ შეიძლება, ახლა რომ გამობრძანდებით და პასუხს გასცემთ კითხვებს, კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, ზუსტად რატომ ერჩით „ლიტერას“?! იმიტომ, რომ მე აქ მაქვს 120 ქართველი მწერლის ხელმოწერილი მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკურსი და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანია და თქვენ რას ერჩოდით ამ კონკურსს ეგება მაინც აგვიხსნათ, ვერ გავიგეთ“, – მიმართა სამადაშვილმა თეა წულუკიანს.

თეა წულუკიანმა მანამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით აპირებდა სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი აქტების არარსებობის გამო, ეს ვერ შეძლო.

მან აღნიშა, რომ „ლიტერა” „კეზერაშვილის პრემია“ გახდა და სამინისტრო მას არ დაიბრუნებს. თეა წულუკიანს დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

საქართველოს პენცენტრის განცხადებით, 2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე და პროტესტის ნიშნად მწერლებმა თავიანთი წიგნები ჩახსნეს კონკურსიდან.

კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებდნენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებდნენ.