„წინააღმდეგობის პლატფორმა" ჩხრეკებზე: ვაგროვებთ მონაცემებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მონაწილე პირებს დაუწესდეთ სანქციები

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების” მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია – ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ“.

სალომე ზურაბიშვილი და „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ „ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას“.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„დღეს რეჟიმის სამართალდამცველები პროპაგანდისტული ამოცანებისთვის ხუთი სხვადასხვა მოქალაქის სახლში შევარდნენ, რომელთა ნაწილიც იმ სამოქალაქო ფონდებთან არის კავშირში, რომლებიც მოქალაქეებს დრაკონულ ჯარიმებთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და რეჟიმის სხვა რეპრესიულ ზომებთან გამკლავებაში ეხმარებიან.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებთ მათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ „ქართული ოცნების” მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია – ისინი ვეღარ მართავენ, მათ მხოლოდ მოქალაქეების დევნა შეუძლიათ.

ამით რეჟიმი ცდილობს საკუთარი მომხრეების დარწმუნებას, რომ ორსული ქალი მცირეწლოვანი ბავშვით საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქმიანობაში იყო ჩართული, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში კი არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს პროპაგანდისტული ამოცანებისთვის თარგეტირებულ მოქალაქეებს, მათ სიმართლეს და სამართლიანობას.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა.

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში.

ჩხრეკისას ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის სახლებში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

უწყების განცხადებით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.