პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შერიგების იდეასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, შერიგებისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორივე მხარეს საერთო მიზანი ჰქონდეს, მაგალითად, ქვეყნის წინსვლა, კრიზისის დაძლევა, პოლარიზაციის დასრულება ან რამე მსგავსი. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ამჟამად არაფერი ასეთი არ გვაქვს.
„ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ თავის პრობლემებიანად, მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და წლებია, ამისთვის იყენებს პოლარიზაციას და კრიზისს.
ასეთ მოცემულობაში „შერიგება“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ამის გაკეთებას „დააძალებს“ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/ოცნებას არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პატრიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან“, – წერს ის.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს.
როგორც ჯაფარიძე მიიჩნევს, მთელი ეს „შერიგების“ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას, რაც ვერ შეძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი.
„ასეთ, წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ, ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას.
ბიძინას/ოცნებას, ზუსტად ისე როგორც რუსეთს, ესმის მხოლოდ ძალის ენა. ის/ისინი არ დათმობენ ძალაუფლების არცერთ ბერკეტს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე. მას/მათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ წაართვა. ამისთვის საჭიროა ძალების მობილიზება და არა ილუზორულ პროცესებში თავით გადაშვება“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.