წიქარიძე: მუზეუმის ყოფილ თანამშრომლებს კვლევისთვის მუზეუმში შესვლაზე უარი გვითხრეს

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მუზეუმის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მუზეუმიდან მეცნიერ – თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება გააპროტესტეს და დაწყებული პროფკავშირული დავის შესახებ აქციაზე მისულ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ცნობილია, მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დააფუძნეს მეცნიერთა პროფკავშირი, რომელმაც ორი მიმართულებით დაიწყო მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების უფლებების დაცვისთვის ბრძოლა – გათავისუფლებულთა აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს,  დასაქმებულთა სახელით კი, პროფკავშირული დავა დაიწყეს მუზეუმთან.

პროფკავშირული დავის შესახებ ცნობა პროფკავშირის წარმომადგენლებმა წინა კვირას შეიტანეს მუზეუმში, პარალელურად კი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს  დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის დაწყების მოთხოვნით.

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, მედიაციის პროცესს ჯანდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიწყებს. მანამდე კი აქციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას, დაიწყოს მოლაპარაკებები პროფკავშირებთან.

„კანონით ვალდებულები არიან, მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ. თუ უარს იტყვიან, მაშინ სხვა მეთოდებიც არსებობს და იციან, რომ ამ მეთოდებს მალე გამოვიყენებთ. არავინ უკან არ დაიხევს. ერთობა და სოლიდარობა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ეს ბოლო შანსია მათთვის, რომ უკან დაიხიონ. არ დაიხევენ და მიიღებენ მტკიცე წინააღმდეგობას. ჩვენმა კოლეგებმა შესაშური სოლიდარობა გამოგვიცხადეს გათავისუფლებულებს. არ შეგეშინდეთ იაფფასიანი სპეცსამსახურის მეთოდების. ეს მეთოდები მოძველებულია და აღარ მოქმედებს.“ – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

მისივე თქმით, მუზეუმის ადმინისტრაციამ მეცნიერებს, რომლებიც სხვადასხვა პროექტში არიან ჩართულნი, მუზეუმში შესვლაზე უარი უთხრა.

„ფონდებთან, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევავსეთ აღარ გვიშვებს ვიღაც ადამიანი. ჩვენმა კოლეგამ, თენგო მეშველიანმა, პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მისწერა, რომ დავეშვით ფონდებში. ფონდებში თუ არ ვიმუშავებთ, გაგვიჭირდება პროექტების შესრულება. ამაზე უარი მიიღო – არ გვიშვებენ.

მე გუშინწინ ვიყავი შესული. ჩვენი დირექტორის მდივანმა ჩემზე საშვი გამოწერა, ცოტა ხანში მოვიდა დაცვა და მუზეუმის დატოვება მომთხოვეს. გამოვედი იმიტომ, რომ ამ ბიჭებს დავალება მისცეს და რა უნდა ექნათ. რომ გამოვედი, ამის შემდეგ ჩვენი კოლეგა ნინო კოკოლია წაიყვანეს და დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რატომ შემოუშვი და ა.შ. ყველაფრის კონტროლი უნდათ. ჩვენი თანამშრომლები ჩაიყვანეს, დაკითხვა მოუწყვეს.

ძალიან გაგვიჭირდება ფონდებთან მუშაობის გარეშე. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ კოლეგები, რომლებიც შიგნით დარჩნენ, მოგვაწვდიან ინფორმაციას და შევავსებთ იმას, რაც შიგნით ვერ შევძელით, რომ გაგვეკეთებინა. კვლევის უდიდესი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ჩაშლის საფრთხე მაინც არსებობს.

ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ კანონის შესაბამისად მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ. არ წამოვლენ და მერე ჩვენ ხელ-ფეხი გვაქვს გახსნილი. ეს დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ისინი პატივს არ სცემენ თანამოქალაქეებს და, შესაბამისად, მიიღებენ ყველანაირი ტიპის წინააღმდეგობას. არავინ უკან არ დაიხევს. ეს უნდა იცოდნენ.

ასევე, გავიგეთ, რომ მუზეუმის ერთ-ერთ ფლიგელში განთავსებულია ბიომრავალფეროვნების გამოფენა და იმის დაშლა უნდათ, რათა იქ გადაიტანონ ხელოვნების მუზეუმიდან ნიმუშები. ასე არ ხდება. ამას სჭირდება ნელა გადატანა – ადგილი უნდა გამოიყოს და ა.შ. საერთოდ არ ანაღვლებთ კულტურული მემკვიდრეობა.

სიახლეა ის, რომ ყოფილი პროკურორი დანიშნეს კოლექციების მმართველად. პოზიციაზე, რომელზეც თემურ შარიქაძე მუშაობდა, დანიშნეს ვიღაც პროკურორი“, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ „პუბლიკასთან“