წითელი ჯვარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ქარდავა „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა პროცესი გაახანგრძლივა.
მაია ქარდავას განმარტებით, წითელმა ჯვარმა უკვე დაწერა ოფიციალური მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი, თუმცა ზუსტად არ იციან, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას.
„კონკრეტულ ვადას ვერ გისახელებთ. კორონავირუსის გამო, იქ რაღაც შეზღუდვები არსებობს და როგორც ჩანს, ესეც ცოტა ახანგრძლივებს ამ პროცესს“, – ამბობს ის.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანდატი ძალიან მკაცრად არის გაწერილი, არ გვაქვს არანაირი უფლებამოსილება, რომ ჩავერიოთ ადამიანის დაკავებასა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ პროცესებში. ეს არ შედის ჩვენს მანდატში. რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მოვინახულოთ ადამიანი საავადმყოფოში იქნება თუ სხვაგან“, – განმარტავს ქარდავა და ამბობს, რომ წითელ ჯვარს ჰყავს ზოგადი პროფილის დელეგატები, რომლებიც აკვირდებიან და შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ პასუხისმგებელ მხარეს, თუკი შეამჩნევენ არასათანადო მოპყრობას, ცუდ პირობებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.
„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.