ზაზა გახელაძის ოჯახი რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია - ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კასპის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულა. მისი თქმით, ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, ვინაიდან არ ფლობს ინფორმაციას დაკავებულის შესახებ.

„რთულ და მძიმე მდგომარეობაში არის ოჯახი, არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. პირველ რიგში, ველოდებით „წითელი ჯვრის” ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიაწოდებს ცნობებს, როდესაც მოინახულებს ზაზას.

ჩვენ არ გაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ადამიანის გატაცებას საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, IPRM-ის ფორმატი არის შეჩერებული, იგივე ჟენევის ფორმატზე საკითხები ხშირად დროულად ვერ წყდება და არაეფექტურია ამ თვალსაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკანონო პატიმრობა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.