ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  კასპის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა თავი დაიცვას და სტაბილურობა შეინარჩუნოს, ხოლო, მეორე მხრივ, აგრესიას აარიდოს თავი, რისი დანახვაც, მისი თქმით, სახალხო დამცველს არ სურს.

„მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლომჯარია „ბრტყელ-ბრტყელ” პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

„სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ბერკეტი ოკუპაციასთან ბრძოლისა არის ორი.ერთი არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და თუ რამე არ კეთდება კეთილი ინებოს ლომჯარიამ და ჩამოაყალიბოს, რა უნდა გაკეთდეს კიდევ და მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა შენი ინტერესებისა, იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ, თავი აარიდოს აგრესიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

სახალხო დამცველმა დღეს საოკუპაციო ძალების მხრიდან დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის მონახულების შემდგომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ეფექტური ბერკეტი, რომლითაც ეფექტურად მოგვარდებოდა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გატაცებების საკითხი.

„ჩვენ არ გაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ადამიანის გატაცებას საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, IPRM-ის ფორმატი არის შეჩერებული, იგივე ჟენევის ფორმატზე საკითხები ხშირად დროულად ვერ წყდება და არაეფექტურია ამ თვალსაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკანონო პატიმრობა”, – განაცხადა ლომჯარიამ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.