წითელი ხაზია „მოღალატის“ და „რუსეთუმეს“ ძახილი, ვინც არ გაითვალისწინებს, მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს - წილოსანი

პუბლიკა

„სრულიად აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებას და ნებისმიერი ჩემი თანაგუნდელის განცხადებასა და ამ ფაქტს შორის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები, ყოველ შემთხვევაში, ვისურვებდი ის ფონი, რომელიც არსებობს ამ დაპირისპირების და სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ მათი მომხრე ჟურნალისტების მხრიდან…“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების” განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია „მოღალატის“ და „რუსეთუმეს“ ძახილი, ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა.

ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ ჩვენი მხრიდან წითელ ხაზებს და ვისურვებ, არც პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა არ გადაკვეთოს თავიანთი მხრიდან ის წითელი ხაზები, რომელიც ვთქვით, ეს არის ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, რომელიც არ გაუვა არავის და არასდროს გავატარებთ ამ კომენტარს, ყოველთვის ექნება საკადრისი პასუხი პარლამენტში სიტყვიერად“, – განაცხადა წილოსანმა.

გუშინ, 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ კიდევ დაერტყა.

გუშინვე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს. ხაბეიშვილის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს „ნიღბიანი პირები“ სახლთან დახვდნენ.

 

LB image desktop LB image mobile