წითლიძე: ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომტეხა

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოში, 2017 წლის საკრებულოს შემადგენლობის სხდომის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა და ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის კენჭისყრას აპროტესტებდა.

საკრებულო სხდომის ჩაშლა სცადა ანი წითლიძემ. ის სტვენით ცდილობდა სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა თავმჯდომარისთვის. ამის შემდეგ მას, სხვა პირებთან ერთად, ძალის გამოყენებით აიძულეს შენობიდან გასვლა, რასაც მოჰყვა შეხლა- შემოხლა. ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროს პოლიციამ თითი მოტეხა.

პროტესტის მიუხედავად ზუგდიდის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი დანიშნა. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი. მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

ძველი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტი ბათუმშიც. კენჭისყრაზე საკითხის გატანას ბათუმშიც მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი.

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოების სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.